ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ტარდება.
"შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით.
შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა. აშშ გააგრძელებს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო - ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.
არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.