სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის ექიმთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის ექიმთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელისთვის მზია ამაღლობელისთვის, რომელიც 26-ე დღეა შიმშილობს, ექიმთა ჯგუფი შექმნა.

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით:

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას.

"ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.