სახ.დეპი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

სახ.დეპი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პარლამენტის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მიღებულ გამკაცრებულ ცვლილებებს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

"შეერთებული შტატები რჩება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მტკიცე დამცველად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეს ფუნდამენტური უფლებები. იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მოქალაქემ - განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა - შეძლოს თავისი ხმის გამოყენება, არის ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის მთავარი ელემენტი და მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი Twitter-ზე.

***

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერს მიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.