ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ მათი უფლებამოსილების ამოწურვამდე ქართულ ოცნებას დამატებით სანქციებს დაუწესებს.
მილერმა აღნიშნა, რომ თვალსაჩინო იყო როგორ გაამკაცრეს პასუხი საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიმართ და მათ შორის, მისივე თქმით, დამატებითი სანქციებიც იგულისხმება.
მილერის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადახედვა გამოცხადდა, რის საფუძველზეც, ამერიკამ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით შეზღუდა.
"ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ სანქციები ჩვენ ხელთ არსებული ერთადერთი ხელსაწყოა. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, თუ დააკვირდებით ჩვენს ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით, რასაც ვხედავდით ქვეყანაში.
გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით.
ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი იყვნენ ქართული დემოკრატიის შელახვაში და შევაჩერეთ შეერთბული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი.
ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა შეშფოთება და მართლაც, ეს მნიშვნელოვანია. მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი. ჩვენ ნათლად გამოვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, რომლისკენაც მათ ხალხი მოუწოდებს და დრო და დრო, როდესაც არჩევნის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ. ასე, რომ თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით.
მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობას", - განაცხადა მილერმა.