"საქართველო იქნება შემდეგი, თუ პუტინი გაიმარჯვებს" - სააკაშვილის წერილი ბრიტანელ დეპუტატს

"საქართველო იქნება შემდეგი, თუ პუტინი გაიმარჯვებს" - სააკაშვილის წერილი ბრიტანელ დეპუტატს

ბრიტანული გამოცემა Express.co.uk პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბრიტანეთის პარლამენტის წევრისთვის, ადამ ჰოლოუეისთვის მიწერილი წერილის შინაარსს აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ "საქართველო იქნება შემდეგი პუტინის შავ სიაში, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს". ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ "პუტინი მალე დაესხმება თავს საქართველოს" და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ბრიტანელი დეპუტატისთვის მიწერილ წერილში სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მსოფლიოს ყურადღების უკრაინისკენ მიპყრობისა, დიქტატორ პუტინის "ტერიტორიული ამბიციები კავკასიის დედაქალაქ თბილისამდეა გადაჭიმული და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ხელს უწყობს პუტინის ხედვას ახალი რუსეთის იმპერიის შექმნის შესახებ".

ბრიტანელი დეპუტატისთვის მიწერილ წერილში სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, თანამემამულე კაცები და ქალები მამაცურად დაიცავენ თავიანთ სამშობლოს და დემოკრატიას, თუმცა მაშინ, როდესაც "მთავრობა ხელგაშლილი მოეხვევა პუტინს, თბილისი დაეცემა".

"დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი 1920-იანი წლებიდან იწყება. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ამ გაურკვეველ დროს, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ბრიტანული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. გამოცემა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც ციტირებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა "მოუწოდა თბილისს, გაათავისუფლოს სააკაშვილი, რადგან მას ემუქრება საფრთხე "რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ხელით მოკვლის".

ადამ ჰოლოუეი მიხეილ სააკაშვილის წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ "აუცილებელია, მოუსმინონ სააკაშვილის გაფრთხილებებს, რომლებიც წერილში აქვს გამოთქმული".

"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ რუსეთს კორუფციისა და დეზინფორმაციის ძალით დემოკრატიული ქვეყნების კონტროლი", - აცხადებს ბრიტანელი დეპუტატი.

ჰოლოუეი 3 ივლისს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩენასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი "შოკისმომგვრელად შეცვლილია" მას შემდეგ, რაც ბოლოს იხილა, მაშინ, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო.

"სახიფათო იქნება, თუ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები არ დაეხმარებიან ქართველ ხალხს, რადგან ისინი კიდევ უფრო ხვდებიან პუტინის გავლენის ქვეშ", - აცხადებს დეპუტატი.

ბრიტანული გამოცემა დავით კეზერაშვილის კომენტარსაც ციტირებს, სადაც ის ამბობს, რომ "მაშინ, როდესაც პუტინის ჯარები უკან იხევენ, მისი თანამოაზრეები თბილისში დისტანცირდებიან ოპოზიციისგან მომავალი წლის არჩევნების წინ".

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება არჩევნებამდე მათი გადარჩენის გეგმის მთავარი ნაწილია. ნეიტრალური დამკვირვებლების უმრავლესობაც კი აღიარებს მის პატიმრობას, ისეთად, როგორიც არის: ძალაუფლების გროტესკულად ბოროტად გამოყენება, რომელიც მიმართულია რუსეთის ინტერესების დაცვისკენ", - აცხადებს კეზერაშვილი.