თბილისის საკრებულოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე თბილისში დაგეგმილ სადავო სამშენებლო პროექტებს განიხილავენ.
სხდომაზე არ დაუშვეს მოქალაქეები, რომლებზეც საშვი იყო დაშვებული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს, რატომ არ უშვებენ მოქალაქეებს დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ასე უპასუხა: "საშვი იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია დასწრება ის, ვინც არღვევს წესს".
დღეს განსახილველ პროექტებს შორისაა ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსების აშენება, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით 40-სართულიანი ცათამბჯენის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენი და ასევე, დიდ დიღომში ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს ამ მშენებლობებთან დაკავშირებით და განმარტეს, თუ რატომ უქმნის ქალაქს საფრთხეს კონკრეტული პროექტები.
"ჩვენ დღეს რაზეც უნდა ვისაუბროთ, ვიცი, რომ თქვენ უკვე გადაწყვიტეთ. სრული მობილიზაცია გაქვთ და მიიღებთ ამ [პროექტებს]. შოვის ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა, რომ ამ ოთხ ძალიან სარისკო პროექტს დღეს გამოიტანდით. გუშინ სამ საათში რეალურმა ექსპერტებმა აგვიხსნეს, რა სახიფათო ქალაქში ვცხოვრობთ - სეისმოლოგიური პრობლემები, ღვარცოფები, მიწისძვრა, წყალდიდობები. 15 შემონადენი აქვს ამ ქალაქს, მდინარე ვერეს პრობლემები რომ წავიკითხოთ მხოლოდ, იმის კალაპოტში აპირებთ ამხელა სახლების აშენებას"- თქვა ვატო სურგულაძემ.
თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე King David-ის გვერდით ოცნების დეპუტატი გოჩა ენუქიძე 40-სართულიანი ცათამბჯენის აშენების ნებართვას ითხოვს.
თბილისის გენგეგმით, ამ ადგილზე მსგავსი ტიპის მრავალსართულიანი კომპლექსის აშენება აკრძალულია. ენუქიძის კომპანიამ საკრებულოს მიმართა თხოვნით, ამ ადგილს შეეცვალოს მინიჭებული ზონა და ტერიტორიაზე ცათამბჯენის აშენება შეძლონ, რომელსაც სასტუმროს სტატუსი ექნება.
რაც შეეხება ლაგუნა ვერეს ტერიტორიას, აბრეშუმის ფაბრიკის ადგილას, 65 სართულიანი კომპლექსის აშენება იგეგმება.
10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ქართუ ფონდმა ლაგუნა ვერე გაყიდა. 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია ნეო სითი დეველოპმენტის საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.