"საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

"საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს ჩემი მონაცემები?" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი მთავრობას

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ქეთი ლეშქაშელი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მისი პირადი ინფორმაცია, მათ შორის იურიდიული მისამართი და ქართული პასპორტის ნომერი იციან. ლეშქაშელი საქართველოს მთავრობას მიმართავს კითხვით, საიდან აქვთ რუსულ სპეცსამსახურებს მისი მონაცემები?

„საქართველოს მთავრობა ერთი კითხვა მაწუხებს და რომ არ დაგისვათ არ შემიძლია! საიდან იციან რუსების სპეც სამსახურებმა ჩემი იურიდიული მისამართი? საქართველოს პასპორტის ნომერი და სხვა ისეთი ინფორმაცია რაც ჩემმა ახლობლებმაც კი არ იციან?“ - სოციალურ ქსელში წერს ქეთი ლეშქაშელი.

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ლეშქაშელის განცხადებასთან დაკავშირებით ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და მათ უკრაინაში მებრძოლი ქართველების პირად მონაცემებს აწვდის.

მამულაშვილის თქმით, ქეთი ლეშქაშელი არ არის პირველი უკრაინაში მებრძოლი სამხედრო, ვინც ამ პრობლემაზე საუბრობს. ქართული ლეგიონის მეთაური აცხადებს, რომ აქამდე 24 ქართველი მებრძოლის და მათი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში.

ქეთი ლეშქაშელი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იმყოფება, მას აქვს სამედიცინო განათლება და ქართულ ლეგიონშიც ამ მიმართულებით მუშაობს.

„იმ პირობებში როცა რუსეთთან ღია ურთიერთობები დაიწყო საქართველოს მთავრობამ და ეს არ ხდება მხოლოდ ბოლო დროს - საკმაოდ დიდი ხანია ეს ხდება, არ მიკვირს, რომ ერთხელ გადასცეს 24 ადამიანზე პირადი მონაცემები, მათი ოჯახის წევრების მონაცემები და მისამართები. მე დარწმუნებული ვარ აგრძელებენ თანამშრომლობას FSB-სთან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა ეს საქართველოსთვის.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს უშიშროების სამსახური იქნება თუ ნებისმიერი ძალოვანი სამსახური, ის თანამშრომლობს რუსულ FSB-სთან და დარწმუნებული ვარ, გადასცემს ინფორმაციას.“ - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

ქეთი ლეშქაშვილის შემთხვევა არ არის პირველი. 2022 წლის ივლისში პირადი ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრობდა ასევე ქართველი სამხედრო მიხეილ ქამხაძე.

რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 28 ივლისს გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსებმა დონბასში უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლების მონაცემები ლისიჩანსკში იპოვეს.

მათ შორის იყო ქართველი პროფესიონალი სამხედრო, მიხეილ ქამხაძე, რომელიც უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ NATO-ს სტანდარტების შესაბამისად წვრთნიდა.

ვიდეოში ერთ-ერთი რუსი სამხედრო კამერის წინ მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს ათვალიერებდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური ნიშნები ჰქონდა.

თავად ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, აცხადევდა, რომ თავისი პირადი საქმე 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს სატანკო ქარხანაში მიიტანა, არ გაუტანია და დოკუმენტები იქვე უნდა ყოფილიყო დაცული.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ ქამხაძის საქმეზე განაცხადა, რომ ყოფილი ჯარისკაცის პირადი საქმე, რომელიც რუსების ხელში აღმოჩნდა, არა მათ არქივში, არამედ რაიონის კომისარიატში ინახებოდა.

უწყება ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის თავდაცვის სამინისტროს არქივიდან გატანის შესახებ სიცრუეა.

სუს-მა კი განაცხადა, რომ დოკუმენტები საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდან არ გავრცელებულა და რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს, მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან კავშირი არ გააჩნია.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.