საიას ცნობით, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

საიას ცნობით, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. დაკავებული თემურ ქათამაძე მე-18 დღეა შიმშილობს და მხოლოდ წყალს იღებს. მის ინტერესებს საია იცავს.

ქათამაძე სამტრედიის და თბილისის საქალაქო რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.

ორგანიზაციის ცნობით, უცნობია ისიც, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით.

"ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს" - აცხადებენ საიაში.

ორგანიზაცია მოითხოვს, ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადაცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, მიმდინარე წლის
3 თებერვალს, 14:00 საათზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლო 7 თებერვალს, 15:00 საათზე განიხილავს, რომლებითაც გასაჩივრებულია აღნიშნული პირის დაკავება და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. 16 იანვარს ის თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, ხელმეორედ დააკავეს. 18 იანვარს მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

17 იანვარს მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.