საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პოლიციის მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას ეხმაურება და აცხადებს, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუსჯელობის სინდრომითაა წახალისებული.
საიას განცხადებაში საუბარია დღევანდელ აქციაზე, რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად გაიმართა, რა დროსაც პოლიცია თავს დაესხა როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
კერძოდ, დღეს პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პუბლიკის ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს. თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის წარმომადგენლები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას, არამედ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ ტროტუარზე, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, იძალადეს ფიზიკურად და, გავრცელებული ინფორმაციით,დააკავეს ორი ადამიანი.
აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.
მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.