საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) წარადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება პოლიტიკური პარტია ლელო საქართველოსთვის სარჩელზე, რომელიც ცესკოს მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას ეხება. საიას თავჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
როგორც ცნობილია, ამ დადგენილებით, ცესკომ შეცვალა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა და დაადგინა, რომ ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს. აქამდე მსგავსი წილისყრა უშუალოდ საარჩევნო დღეს ტარდებოდა.
საია აღნიშნავს, რომ ცესკოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ვადების შეცვლა შეუძლია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონით დადგენილ ვადაში შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა.
გარდა ამისა, წილისყრის პროცედურის არჩევნების დღეს ჩატარება არ საკითხის მხოლოდ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას უკავშირდება. იგი, მათ შორის, უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, ზრდის საარჩევნო პროცესებისადმი ნდობას და აზღვევს კომისიის ცალკეული წევრების მიმართ შესაძლო დაშინების და ზეწოლის შემთხვევებს.
"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე საარჩევნო დავებს აზრი ეკარგება. ბოლო წლების პრაქტიკის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია სასამართლო სისტემაში განხილული საარჩევნო დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი", - წერს ნინო ქურდოვანიძე.