საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის განცხადებით, სასამართლომ სახელმწიფოს მოქალაქისგან უსასყიდლოდ მიღებული მომსახურების ანაზღაურება დაავალა. სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ 171 000 ლარის გადახდა დაევალა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2016 წლის ივლისში, მათ მიმართა მოქალაქემ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი წლების განმავლობაში ჩართული იყო საამშენებლო ბიზნესში და აწარმოებდა დაკვეთით შესაბამის სამუშაოებს. მოქალაქის განმარტებით, იგი 2011 წელს, დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და განუცხადეს, რომ მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუ იგი მისი ნებით ქუთაისში შეასრულებდა 200 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს.
"შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გამო, პირი დაეთანხმა შემოთავაზებას და მასთან 2012 წელს დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე განხორციელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 231 კმ-ის სარემონტო სამუშაოები. ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.