საია ფერაძეზე: დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ

საია ფერაძეზე: დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რომელიც ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს, აქტივისტთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია. კერძოდ საუბარია მტკიცებაზე, რომ ფერაძემ ყვირილით და ხმაურით დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

"ეს დადგენილება არის ძალიან დაუსაბუთებელი. აქ საუბარია იმაზე, ეს ქმედება ჩაიდინა თუ არა, არ არის სადაო. ნატა თვითონ შესხმის ფაქტს ადასტურებდა. თუმცა მსჯელობა სასამართლო დადგენილებაში გასცდა ამ ფაქტს და სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სხვაგვარადაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ყვირილით, ხმაურით და ა.შ. რასაც ადგილი არ ჰქონდა.

დასაბუთების თვალსაზრისით ამ დადგენილებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ერთ-ერთი არის ეს, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მაინც ისეთი დასკვნები გააკეთა სასამართლომ, რომელიც არ დგინდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით", - განაცხადა ქურდოვანიძემ ფორმულას ეთერში.

ქურდოვანიძე საგანგაშოდ მიიჩნევს იმ სანქციის სიმძიმეს, რომელიც ფერაძის წინააღმდეგ არის გამოყენებული.

"ამ მუხლით მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც ჯარიმა, ასევე, შეუძლია, შენიშვნის გამოყენება და პატიმრობა არის ყველაზე მკაცრი სანქცია... გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამაგალითოდ დაესაჯა აქტივისტი მის მიერ გამოხატული ქცევის გამო და დასჯა გამოიყენა რეპრესიულად, რომ ალბათ, სხვებისთვისაც ყოფილიყო მსუსხავი ეფექტის მატარებელი", - აღნიშნავს საიას წარმომადგენელი.

დღეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ედავებოდა. ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

***

ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.