ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოცემა ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას.
"ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ 353 მუხლით წარუდგინა ბრალი და მოითხოვა მისი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სხდომა, ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და მის უფლებებს საიას ადვოკატი საქმეში ჩართულ სხვა ადვოკატებთან ერთად დაიცავს.
საია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში არ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე ან სხვა ფორმით შეუშლის ხელს გამოძიებას. მზია ამაღლობელის მხრიდან კი არ არსებობს მსგავსი საფრთხეები.
მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე საჯარო პირი, რომელიც მრავალი წელია ხელმძღვანელობს საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებებს. მისი პატიმრობა ამ შემთხვევაში იქნება უსაფუძვლო.
მოვუწოდებთ სასამართლოს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა და დაიცვას როგორც სამართლიანობის პრინციპი, ისე პიროვნების უფლებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმეზე მსჯელობა იწყება. დაკავებული ჟურნალისტი იზოლატორიდან უკვე გადაიყვანეს სასამართლოში.
სხდომაზე ჟურნალისტებს და ამაღლობელის მხარდამჭერებს არ უშვებენ - ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ კოლეგები, მათი თქმით, სხდომათა დარბაზი პოლიციელებით გადაავსეს, რომ ჟურნსლისტებს საშუელება არ მისცენ სასამართლო პროცესს დაესწრნონ.
პროკურატურამ მას ბრალი გუშინ წარუდგინა.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.