საია: მოსამართლე შვანგირაძე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირებს საქმიანობას უზღუდავს

საია: მოსამართლე შვანგირაძე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირებს საქმიანობას უზღუდავს

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირების, მათ შორის, საიას მონიტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის, დასწრების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლე დაუსაბუთებლად ზღუდავს სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის მიმდინარე ეტაპზე საერთოდ არ განიხილა სხდომის საჯაროდ წარმართვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. ხსენებულმა მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა სხდომაზე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორის და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის, დასწრების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 14 წელია ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი, კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა. გარდა იმისა, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე დაუსაბუთებლად ზღუდავს სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს, დღევანდელ სხდომაზე გამოვლინდა კომპეტენციური პრობლემაც, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულების, რომლებიც, ასევე, მრავალი წელია დახურულ სასამართლო სხდომებსაც ესწრებიან, არ შეუშვეს პროცესზე.

მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება, დასაბუთებულად ბადებს განცდას, რომ მას არ შეუძლია საჯარო სხდომის იმგვარად წარმართვა, რომ უზრუნველყოს სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დაცვა. ამასთან შესაძლოა მის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები იმდენადაა მოკლებული სამართლებრივ დასაბუთებას, რომ მოსამართლე თავს არიდებს იმ ტიპის საჯაროობის დაცვას, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ, სამართლებრივი საკითხების კვალიფიციურ შეფასებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა სხდომის მიმდინარეობისას სამართლებრივად შეაფასონ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მოვუწოდებთ დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პროცედურული სტანდარტები და ახლად დაწყებული სამოსამართლეო პრაქტიკა არ განავითაროს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების უგულვებელყოფით, სხდომების საჯაროობის პრინციპის საზიანოდ.

საიას, როგორც უფლებდაცვითი ორგანიზაციის, პერსპექტივიდან სასამართლო პროცესების მონიტორინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შესაძლებელს ხდის იმის საზოგადოებრივ მონიტორინგს, თუ რამდენად შეესაბამება სასამართლოს საქმიანობა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. პროცესების დახურვა, განსაკუთრებით შესაბამისი დასაბუთების გარეშე, აუფასურებს საჯაროობის პრინციპს და აჩენს მიუკერძოებლობის, სასამართლოზე წვდომის და ბრალდებულის უფლებების დარღვევის რისკს. აღნიშნულით სუსტდება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა, მოახდინოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების მონიტორინგი, რაც უარყოფითად აისახება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე და, შედეგად, მართლმსაჯულების აღსრულების ხარისხზე", - წერია საიას განცხადებაში.