
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ ჰომოფობიის/ტრანსფობიის გაღვივება რეპრესიის და ავტორიტარული კონტროლის იარაღია.
მათი თქმით, ქართული ოცნების მიერ ეს იარაღი ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მათ შორის, უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წასახალისებლად და გასამართლებლად.
საია-ს განცხადება:
"საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ბოლოდროინდელი შეტევა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ლგბტქ+ ადამიანების უფლებებზე. 2024 წლის აპრილში, ქართულმა ოცნებამ დააინიიცირა დისკრიმინაციული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძირს უთხრიდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ძირითად უფლებებს. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი, მათ შორის, ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა.
მართალია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის გამო, ქართულ ოცნებას აღნიშნული კონსტიტუციური კანონი არ მიუღია, თუმცა მიიღო იდენტური შინაარსის მქონე საქართველოს კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” და მასთან დაკავშორებული ცვლებები 18 საკანონმდებლო აქტში. მიღებული კანონები იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციულსამართლებრივ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს, რომლებითაც, ფაქტობრივად, აქტივიზმის, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობის და ჯანდაცვის გარკვეული ფორმების კრიმინალიზებას ახდენს.
კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს და ამასთან კავშირში საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც შესასრულებლად სავალდებულო ძალისაა ქვეყნისთვის. 2025 წლის მარტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ანტი-ლგბტქ+ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.
საკანონმდებლო ცვლილებებს თან ახლავს ქართული ოცნების მიერ ჰომოფობიური/ტრანსფობიური სიძულვილის გავრცელება. ქართული ოცნება ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში მოუწოდა.
სახელმწიფოს მიერ სიძულვილისა და უთანასწორიბის ასეთი პოლიტიკა, გარდა უშუალოდ ლგბტქ+ ადამიანებისა, საფრთხეში აგდებს მთელ საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს: ამ ტიპის კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენზურის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მექანიზმები შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა სახის გამოხატვის წინააღმდეგ.
ამასთან, სამოქალაქო საზოგადოების 11 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან პოლიციის მიერ დემონსტრანტების სისტემურ წამებას და არასათანადო მოოყრობას თან ახლდა ჰომოფობიური სიძუვილვილის ენა და დამცირება. ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც სპეცრაზმელები რაიმე ნიშნის გამო ლგბტქ+ თემთან აკავშირებდნენ, განსაკუთრებით სასტიკ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ერთი მხრივ, ლგბტქ+ ადამიანების წინაშე არსებულ საფრთხეებზე, მეორე მხრივ, წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ჰომოფობია რეპრესიის იარაღია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ან ჯგუფის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, მათ შორის, უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წასახალისებლად და გასამართლებლად."