საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებით ქართული ოცნება კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას აგრძელებს და ცესკოს დამოუკიდებლობას ამცირებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება მმართველი პარტიის წევრების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს.
არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა კი არსებული 2/3-ის ნაცვლად უბრალო უმრავლესობამდე შემცირდება.
საია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაამტკიცოს შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება და გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის.
"ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სულისკვეთებით იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურაზე შეთანხმებას. დარეგისტრირებული ცვლილებების შემდეგ უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების საჭიროება და უმრავლესობას უფლებამოსილება ეძლევა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს ცესკო.
გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების წესიდან პრეზიდენტის ჩამოშორებით საპარლამენტო უმრავლესობა კანონმდებლობას კვლავ არგებს საკუთარი პარტიის ინტერესებს. გასულ თვეებში ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულეების გამო, მმართველმა პარტიამ ამჯერად გადაწყვიტა ამ პროცესში დამოუკიდებელი რგოლის, პრეზიდენტის ინიციატივის არსებითად გაუქმება და ის მხოლოდ იმ ნაწილში დატოვა, თუ პარლამენტი პირველ ჯერზე ვერ შეძლებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველო კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესებაში. ხოლო ამ პირების თანამდებობაზე განწესების თაობაზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი პრემიერმინისტრის თანახელმოწერას არ საჭიროებს სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე წარდგინების უფლებას კონსტიტუცია ცალსახად პრეზიდენტს ანიჭებს. პარლამენტში დარეგისტრირებული ინიციატივით კი პრეზიდენტის არსებითი როლი ამ პროცესში იგნორირებულია.
„შარლ მიშელის“ დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმიდან მე-2 პუნქტი გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობის გაზრდას. ინიცირებული ცვლილებებით კი კონსენსუსის საჭიროების გაქრობა საარჩევნო ადმინისტრაციის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ხელისუფლებისათვის დაქვემდებარებას უზრუნველყოფს, რაც ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, დაასუსტებს მათ.
მიგვაჩნია, რომ ცესკოს დაკომპლექტების 2021 წელს მიღებული წესის უგულებელყოფით „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს, ევროინტეგრაციის პროცესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება. მმართველი პარტია კვლავ კანონმდებლობის ცვლილების გზას მიმართავს საკუთარი პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, პრეზიდენტისათვის ცესკოს დაკომპლექტებაში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული როლის არსებითად შემცირება დამატებით ლეგიტიმურ კითხვებს წარმოშობს კონსტიტუციასთან მისი თავსებადობის თვალსაზრისითაც"- ნათქვამია განცხადებაში.
Საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
გაითვალისწინოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის".