საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება თვითნებურად არ მიიღონ. უწყება აღნიშნავს, რომ ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხისშემცველია.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.