სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე იძულებით გამოსახლების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამძიება დაიწყო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 23 იანვარს, ქ. თბილისში, კ.კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ ვაკეში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი დაიწყო. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ კორპუსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც ბინიდან ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.
პოლიციას ჯერ სადარბაზოს კარის, შემდეგ კი ბინის კარის გაჭრა მოუწია. რამდენიმე ათეული აქტივისტი კი ბინაში იყო გამაგრებული და პოლიციას იქ ელოდებოდა.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, აღსრულების პოლიცია ბინაში შევიდა და სახლში გამაგრებულ მოქალაქეებს შენობა ძალით დაატოვებინა.
პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა ისინი სათითაოდ, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანამდე, ქუჩაში ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, როდესაც აღსრულების პოლიცია რკინის კარის გაღებას ჩაქუჩით ცდილობდა, მაუწყებლის ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოაგდეს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა პოლიციამ ის მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოაგდო და საქმიანობაში ხელი შეუშალა. დაპირისპირების დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია სოციაური სამართლიანობის ცენტრი. მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირას, თბილისში, გამოსახლება სამ ოჯახს შეეხება. 23, 24 და 26 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხატიაშვილების, კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახების გამოსახლება იგეგმება. რაც შეეხება ხატიაშვილების ოჯახს, მათი გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა.
კეკელიძის 1 ნომერში მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. რადიო თავისუფლებასთან მარინა ხატიაშვილი ყვებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს ბანკიდან 20 ათასი დოლარი ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილებების გამო ბანკმა საქმე სასამართლოს გადასცა და 21 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკის იურისტმა მას ბანკის ვალის გადასაფარად კერძო კრედიტორებთან, "მევახშესთან" დაკავშირება ურჩია და სადაც 27 ათასი დოლარი ისესხა. როგორც ქალი ამბობს, კერძო იპოთეკარებისთვის მთლიანობაში 80 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და მას შემდეგ საქმე აღსრულების ბიუროს გადაეცა.