სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელიც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგამოძიებოს თქმით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 მოქალაქე, მათ შორის 49 ჟურნალისტი და აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
"მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა.
დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა. ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ, დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.
სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე", - წერია განცხადებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, ისინი დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, აქტიურად იძიებენ 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის შემთხვევას.
"გამოიკითხა 52 პირი. თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებოს განმარტებით, რაც შეეხება პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ ნივთებს, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.
"გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.
მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.
საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს", - წერს საგამოძიებო.