სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება.
საგამოძიებო სამსახურის თქმით, ამ ინიციატივის მიზანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ასევე, ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას.
განცხადების თანახმად, საგამოძიებო პრაქტიკის ფარგლებში დანაშაული ნებისმიერ იმ მოქალაქეს შეიძლება შეეხოს, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა აქვს.
"ყალბ ექაუნთებს ამოფარებული დამნაშავე პირები, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე გამომძალველები, მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, ნდობას მოიპოვებენ, რის შემდეგაც მათი ინტიმური კადრების მოპოვებით ხელყოფენ ბავშვთა პირად ცხოვრებას, რასაც თან შესაძლოა ახლდეს მათ მიმართ სქესობრივი იძულება, გამოძალვა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებები" - ნათქვამია განცხადებაში.
მონიტორინგი და რეესტრში დარეგისტრირება ეხება იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში გამოააშკარავებს. ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოიპოვებენ და ავრცელებენ ანგარების მიზნით.
ჩამოთვლილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულების მიმართ სხვადასხვა დამაბრკოლებელი მექანიზმი ამუშავდება - არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.
საგამოძიებოს ცნობით, სახელმწიფო მონიტორინგი გულისხმობს, მსჯავრდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების აუცილებლობას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნასა და სხვა პრევენციულ ღონისძიებებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის პრევენციისთვბის სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვებთან და მოზარდებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.