საგამოძიებო: ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შევისწავლით

საგამოძიებო: ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შევისწავლით

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება უარყოფს ზოგიერთი მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, საგამოძიებო სამსახურის მაჩალიკაშვილისა და სხვების საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა.

კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, "ცინცაბაძის ჯგუფის" საქმეებს შეისწავლის.

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების” და “ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი", - წერია განცხადებაში.

საგამოძიებო აცხადებს, რომ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად "ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით "სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას" მიიღებენ.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 19 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას", - წერია საგამოძიებოს განცხადებაში.

***

გუშინ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა.

SJC-ში ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათივე ცნობით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისა და არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა.

ცენტრის ცნობით, ახლად დაფუძნებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ მოთხოვნებს რამდენიმე თვეა უპასუხოდ ტოვებს, რაც მათი თქმით, აჩენს საფუძვლიან ეჭვებს აღნიშნული სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, SJC-ში ამბობენ, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვდა რიგი ზოგადი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას სამოხელეო დანაშაულების პრევენციის, დაზარალებულთა უფლებების რეალიზების და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების და სუს-ის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით.