ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.
საელჩოების განცხადებით, ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. მათი შეფასებით, ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
განცხადება:
"ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT) კიდევ ერთხელ მივესალმებით მრავალფეროვნებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.
ლგბტქი+ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან შევიწროებას, დისკრიმინაციას და სტიგმატიზაციას, აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ძალადობას, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ღირსეულად, როგორც ქართული საზოგადოების თავისუფალმა და თანასწორმა წევრებმა.
ჩვენ მივესალმებით საქართველოში უმცირესობათა უფლებების დასაცავად გაძლიერებულ საზოგადოებრივ მხარდაჭერას – 2015 წლიდან გაორმაგდა მათი რაოდენობა, ვინც აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ლგბტქი+ პირთა უფლებები. ასევე მივესალმებით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის გამო ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვას, რასაც 2014 წლიდან უზრუნველყოფს საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად.
თუმცა გვაშფოთებს, რომ ძალისხმევის მიუხედავად, ამ მიმართულებით წინსვლა შეფერხდა. ახლად მიღებული ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები, კერძოდ, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022−2030 წლებისთვის, საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია და ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია, არ შეიცავს მექანიზმებს ლგბტქი+ პირთა დაცვისა და ჩართულობის გაძლიერებისთვის. ზოგიერთი საჯარო მოხელის, პოლიტიკოსის, მედიისა და სასულიერო პირის მხრიდან სტიგმატიზაცია, დისკრიმინაციული გამონათქვამები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ლგბტქი+ პირების მეტად შევიწროებას და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. ბოლო წლებში მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარა ლგბტქი+ პირების წინააღმდეგ ძალადობის აშკარად წამქეზებელ და ჩამდენ ადამიანთა უმრავლესობა, მათ შორის, 2021 წლის ივლისის პრაიდ კვირეულის ძალადობრივი ჩაშლის ორგანიზატორები. ეს კიდევ უფრო ზღუდავს ლგბტქი+ პირთა შესაძლებლობას გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრების უფლება.
საზოგადოების რომელიმე წევრის გარიყვა აძლიერებს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უთანასწორობასა და უსამართლობას, რაც აფერხებს საქართველოს დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, საყოველთაოდ დაიცვან ადამიანის უფლებები, ხმა აიმაღლონ სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ, იმუშაონ ლგბტქი+ თემებთან და უზრუნველყონ მათთვის ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა შეუსაბამოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას ლგბტქი+ პირთა უფლებები და ხელი შეუწყოს ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას, რომელშიც ყველა შეძლებს უსაფრთხოდ და თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ თავთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, ჩვენ მზად ვართ, ქართველ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ მუშაობა ამ მიზნების მისაღწევად".
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის საელჩოები, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.