ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ალავერდის ტაძარს, რომელიც გუშინ სტიქიის შედეგად დაზიანდა, სიღრმისეული შესწავლა სჭირდება და პროცესში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებენ სპეციალისტები მუშაობას, რის შემდეგაც გაირკვევა, რა დრო და რა ტიპის სამუშაოები დასჭირდება ტაძარს.
"ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შესაბამისად მარტივი სამუშაო არ არის. საჭიროა ღრმა შესწავლა, რომ სწორედ დაიგეგმოს პროცესები, რაშიც შემდგომში ყველა ჩაერთვება, ვინც ჩასართავი იქნება. დღეიდან შესწავლის პროცესი ალბათ დაიწყება და არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, მაგრამ სპეციალისტები გვეტყვიან, რა ტიპის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რა ვადებში ჩატარდება და რა მოცულობებზე იქნება საუბარი"- თქვა ბეგიაშვილმა.
25 ივნისს, კახეთში ტორნადოს შედეგად ალავერდის ტაძარი დაზიანდა. დაზიანებულია ეკლესიის გუმბათი, სტიქიის შედეგად დაზიანებულია კელიები, კელიის ჭერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე ეკლესიის ეზოში მოგლეჯილია ხეები.