
საბერძნეთი ხუთ მასშტაბურ ხანძარს ებრძვის, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ათენიდან 30 კილომეტრში მდებარე აფიდნეშია, სადაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. კვამლის სუნი დედაქალაქის ცენტრსაც მისწვდა.
ქვეყანამ ევროკავშირისგან დამატებითი დახმარება მოითხოვა, რადგან ცეცხლი ძლიერ ქარსა და რეკორდულ სიცხეში სწრაფად ვრცელდება. უახლოეს დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 44 გრადუსს მიაღწიოს.
"დავზიანდით ადამიანურადაც და მატერიალურადაც — დაშავდნენ მეხანძრეები, დაზიანდა სახლები და განადგურდა ტყეები," — განაცხადა კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა იანის კეფალოგიანისმა.
ათენის მახლობლად, ხანძარი აფიდნედან სწრაფად გავრცელდა დროსოპიგის, კრიონერისა და აგიოს სტეფანოსის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კერები ლოკალიზებულია, ცალკეულ წერტილებში ცეცხლი კვლავ მძვინვარებს.
კუნძულ ევიაზე, სადაც ცეცხლი უკვე მიიწევს აფრატისკენ, რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცეცხლმა დააზიანა ელექტროსადენები და ბოძები.
ჯამში ექვსი მეხანძრე ჰოსპიტალიზებულია, ტერიტორიებზე კვლავ 300-ზე მეტი მეხანძრე, ვერტმფრენები და თვითმფრინავები მუშაობენ.
„ზარალი განუზომელია,“ — აცხადებს დირფიონ-მესაპიონის მერი, გიორგოს ფსათასი.