საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი პარლამენტს მოუწოდებს, "უთხრას "დიახ" თანასწორობას" და მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც გეი ქორწინებას დაუშვებს.
მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთნაირი სქესის მქონე წყვილებს ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლება მიეცემათ. ამასთან, საბერძნეთი გახდება ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელიც მსგავს კავშირს დაუშვებს.
"ყველა დემოკრატიული მოქალაქისთვის დღეს სიხარულის დღეა. ხვალიდან ბარიერი მოიხსნება", - განაცხადა მიცოტაკისმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
Reuters წერს, რომ მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ მიცოტაკისის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტიის რამდენიმე დეპუტატმა თავი შეიკავოს ან წინააღმდეგ მისცეს ხმა. თუმცა ამავე დროს მოელიან, რომ კანონპროექტს მემარცხენე ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს.
კენჭისყრის წინ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნების მოსაზრება ამ საკითხზე ორად გაიყო. მართლმადიდებელი ეკლესია კი, რომელიც საბერძნეთში გავლენით სარგებლობს, გეი ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.
კანონპროექტი ლგბტ+ წყვილებისთვის რეპროდუქციის დამხმარე მეთოდებთან დაკავშირებით დაბრკოლებებს არ აუქმებს. სუროგაცია ლგბტ+ ადამიანებზე არ გავრცელდება, თუმცა კანონპროექტი ამ მეთოდით საზღვარგარეთ უკვე დაბადებულ ბავშვებს ცნობს.
2015 წლიდან საბერძნეთში გეი წყვილებს შორის სამოქალაქო პარტნიორობა არის დაშვებული, ხოლო 2017 წელს გენდერული იდენტობა იურიდიულად არის აღიარებული. ორი წლის წინ აიკრძალა არასრულწლოვანთა თერაპია, რომელიც პიროვნების სექსუალური ორიენტაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად.