საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებით, ეროვნული არქივის კინოცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ისტორიული კინოფირებია განადგურებული.
მათი თქმით, ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი, რა პერიოდის და მოცულობის ზარალზეა საუბარი, თუმცა აღნიშნავენ, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციულ მიდგომას, რომელიც არქივებზე წვდომას მაქსიმალურად ზღუდავს.
"წლების განმავლობაში, არქივებზე წვდომის ხელოვნური შეზღუდვების ზრდისა და მკვლევართათვის სისტემატიური ხელის შეშლის ფონზე, ძნელია ნდობით მოვეკიდოთ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ყველა განადგურებული ფირი გაციფრულებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ისინი მოითხოვენ, შეიქმნას კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისია, რაც საზოგადოების მაქსიმალურ კონტროლს, გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს. ასევე, მათი მოთხოვნაა, კატასტროფაზე, როგორც ინდივიდუალური, ასევე, სისტემური პასუხისმგებლობა დადგეს.
"მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ აიძულოს სახელმწიფოს საარქივო საცავების ადეკვატური მოვლა და, ასევე, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დახურული და საზოგადოებასთან არმოთანამშრომლე სისტემიდან გადაიქცეს ღია და საზოგადოებრივ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო ინტერესის მომსახურე ინსტიტუციებად", - ამბობენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში.
საქართველოს ეროვნულ არქივში ხანძარი გუშინ, 8 სექტემბერს გაჩნდა.