ორგანიზაცია კანვასი საქართველოს დირექტორი, გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მათი სამი წევრის დაკითხვაზე ამბობს, რომ ეს საბჭოთა ტოტალიტარიზმის კლასიკური სახელმძღვანელოა.
გუშინ სუს-მა სერბეთის სამი მოქალაქე "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეზე გამოჰკითხა - მელაძის თქმით, ისინი საქართველოში ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ, რა დროსაც უწყებაში დაიბარეს.
"საქართველოს მთავარი მოკავშირე საქართველოში ახორციელებს მხარდაჭერის სხვადასხვა პროექტს, ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში მოიწვიეს სამი სერბი, სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილების ადამიანი და მათ დაჰკითხეს გადატრიალების მოწყობის საქმეზე, ეს არის საბჭოთა ტოტალიტარიზმის კლასიკური სახელმძღვანელო. საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ მე არ წარმომიდგენია, რომ ოდესმე მომხდარიყო", - განაცხადა მან ფორმულასთან.
გუშინ ხელისუფლების დამხობის მორიგი საქმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორგანიზაცია კანვასის წარმომადგენლები გამოჰკითხეს. როგორც სლობოდან ჯანოვიჩმა განაცხადა, მათ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, შესაბამისად, გამოკითხვის შინაარსზე ვერ ისაუბრა.
უფლებადამცველმა ედუარდ მარიკაშვილმაც აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა მან საქმე შეაფასა როგორც "აბსურდული" - მისი თქმით, "ძალიან სასაცილო" კითხვები დაისვა და რომ ჰქონდეთ საუბრის საშუალება, საზოგადოება ამას ცხადად დაინახავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს. მათი განცხადებით, ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა".
უწყების თანახმად, "დესტრუქციული პროცესების" დასაწყებად ეს კონკრეტული თარიღები იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ პერიოდში ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. მათი თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა უარყოფითი იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე, მათ შორის მამუკა მამულაშვილზე.