თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ალტ-ინფოს მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას მიმართ გაცემული დამცავი ორდერი. ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ მიიღო. საქმე ეხება ჯანაშიას მიერ ფორმულას ჟურნალისტის, ელისო ჯარიაშვილის შვილის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებასა და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, თითქოს არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი. შედეგად კი მის მიმართ კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან საფრთხე წარმოიშვა.
ორდერი 9 თვის ვადითაა გაცემული. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება, ასევე, ყველა სახის მედიასაშუალების, მათ შორის სოციალური მედიის და სოციალური ქსელების გამოყენებით მასზე საუბარი.
ფორმულას ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი ამ ამბავს ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.
"პრორუს, მოძალადე ჯგუფთან დავა ისევ მოვიგეთ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დამცავი ორდერი და დადგინდა უკვე მეორედ, რომ ხელისუფლებისა და ფარცხალაძეების მართული დაჯგუფება ბავშვებზე მოძალადეა", - წერს ის.
საქალაქო სასამართლომ ჯანაშიას წინააღმდეგ დამცავი ორდერი 21 ივლის გასცა.