საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ევროკომისიის სამედიცინო ჯგუფის შეშვების მოთხოვნით იუსტიციასთან აქცია იმართება.
მიმდინარე აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერაა ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საერთაშორისო ექსპერტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის შესწავლის უფლება მისცენ, რაც მათი თქმით, დაასრულებს სპეკულაციებს ამ თემაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რატი ბრეგაძე და ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საბოტაჟში, არიან მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის და წამების კოორდინაციაში ეჭვმიტანილები. ამიტომ, სტრასბურგის სასამრთლოს მთავარი გადაწყვეტილება აქვს მისაღები.
რატი ბრეგაძეს მივმართავთ დღეს, ახლავე გვიპასუხოს, როდის დაუშვებთ პოლონელ ექიმებს, ევროკავშირის სამედიცინო მისიას მიხეილ სააკაშვილთან? ამას ელოდება არა მხოლოდ მისი პარტიის მომხრეები, არამედ ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანი", - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი პეტრ მიულერი ამბობს, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ.
მიულერი ამბობს, რომ პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილის სამედიცინო მომსახურება "საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
***
ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.
EU-ს წევრმა ქვეყნებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატეს.
ასევე 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას სთავაზობს.