გამოცემა Express-თან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებს ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა, რომ პუტინი კიევს თავს დაესხმებოდა, თუმცა, სააკაშვილის თქმით, მათ ის "გიჟად მიიჩნიეს".
„მე ყველას ვაფრთხილებდი და ისინი მე ისე მიყურებდნენ თითქოს, გიჟი ვიყავი“ - აცხადებს სააკაშვილი წერილობით ინტერვიუში.
სააკაშვილის აზრით, საქართველოში რუსეთის 2008 წლის ომი ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც კიევის შესახებ მისი გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს.
"მათ იფიქრეს, რომ მე უბრალოდ გამწარებული ვიყავი 2008 წლის შემდეგ. მედია მე აღმწერდა, როგორც იმპულსურს და არამდგრადს...
მე ვაფრთხილებდი ყირიმსა და დონბასზე დიდი ხნით ადრე. უკრაინაში ყოფნისას მე ბევრჯერ საჯაროდ გავაფრთხილე კიევზე თავდასხმის შესაძლებლობაზე" - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მის გაფრთხილებას ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან ეს მათთვის "არასასურველი ინფორმაცია იყო".
"რაღაც მომენტში მათ შეწყვიტეს ჩემი კონფერენციებზე დაპატიჟება, რადგან არ სურდათ მოესმინათ ჩემი პროგნოზები. ერთმა დასავლელმა ლიდერმა ჩემს განცხადებებს "ცრუ მანევრი" უწოდა" - წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კონფლიქტი, რაც მას რუსეთთან 2008 წელს ჰქონდა, ერთი ნაბიჯი იყო იმ სტრატეგიაში, რომელიც დროთა განმავლობაში უკრაინაში სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანდა.
"საქართველო იყო პირველი მცდელობა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მან [პუტინმა] დატესტა დასავლეთის რეაქცია და გააგრძელა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გამოცემა წერს, რომ 2021 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დაკავება მისმა მხარდამჭერებმა საქართველოში რუსეთის გავლენის დასტურად შეაფასეს.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი გამოცემასთან აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლებამდე დარჩება ეჭვები, რომ ქართული ოცნება, მოსკოვის ერთგულია.
"მისი ამჟამინდელი დაკავება, შესაძლოა, სიმბოლოა დემოკრატიისთვის იმ სპირალური საფრთხისა, რომლის წინაშეც ახლა დგას საქართველოს.
იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ სურს ის სერიოზულად აღიქვან, როგორც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მსურველი, ბევრი ეჭვობს, რომ ის [ქართული ოცნება] სინამდვილეში, მოსკოვს ერთგულობს. სააკაშვილის გათავისუფლებამდე ეს ეჭვები, სავარაუდოდ, შენარჩუნდება“", - გამოცემასთან ინტერვიუში თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელიც 2008 წლის ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო.