სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა - ინფორმაციას ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე ავრცელებენ.

"პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება და ყველა ეს ქმედება ხორციელდება უმაღლეს დონეზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება არ იქნება მიღწეული. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო - გამოწვევა ჩვენი არის დრო, რომ უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია, შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა ამ პროცესის, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრივი შენარჩუნება ჰქვია, დაკარგვას", - განაცხადა ჩალაძემ.

საჩივრის დეტალებზე და მოლოდინებზე ისინი არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკითხის პოლიტიზება უნდა შეწყდეს. ჩალაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე დარღვეული უფლებების აღდგენას და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

***

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.