საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა. უწყების განცხადებით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და მასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განემარტა ქართული მხარის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის გამო, რაც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალაუფლების გადამეტების ფაქტებთან, რომელზეც მიხელ სააკაშვილი და მისი მთავრობის არაერთი წარმომადგენელი მსჯავრდადებულია ან უკვე მოიხადეს სასჯელი.
როგორც უწყებაში აღინიშნა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის აღნიშნული ნაბიჯი ხელს არ უწყობს ქართულ საზოგადოებაში დეპოლარიზაციას და შეურაცხმყოფელია სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
როგორც შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა აღნიშნა მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის პოზიციას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინიციატივაა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა მომავალში ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ფორმულას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ პრიზს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გასცემს და მათ პირდაპირი კავშირი არ აქვთ.
"ლიდერბრეკეს პრიზს ყოველწლიურად ნორვეგიის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ნორვეგიის კონსერვატიული პარტია" გასცემს. ის არ წარმოადგენს ნორვეგიის მთავრობის შეხედულებებს. ნორვეგიის საელჩომ თბილისში არ იცოდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს მიენიჭა ეს პრიზი, სანამ ჩვენ არ წავიკითხეთ ამის შესახებ ახალ ამბებში. ნორვეგიის ხელისუფლებას აქვს კონსტრუქციული დიალოგი საქართველოსთან - მათ შორის, ადამიანის უფლებების საკითხებზე", - აცხადებენ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა - ამას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.
ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი. ის 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.