სააკაშვილი: პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს

სააკაშვილი: პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებითა და ფრენების აღდგენით პუტინი თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს.

"პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს. გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს. მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო.

რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს.
ამიტომ, ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება", - წერს სააკაშვილი.

ის თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც წერს:

"რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.
ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.

გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი უკვე თვეების განმავლობაში მზადაა ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.