გუშინ ივანიშვილმა დასავლეთს ომი ოფიციალურად გამოუცხადა, შესაბამისად, ქართველ ხალხსაც და საქართველოში დემოკრატია გააუქმა. საბოლოოდ, გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა.
რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა? პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 წლისა და მოსკოვის 2012 წლის გამოცდილება. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ენის მოჩლექა რუსულ რეჟიმს ესმის როგორც სისუსტე. საზოგადოებამ რეჟიმისგან საკუთარი თავის დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას.
ძალადობის პროფილაქტიკისთვის უახლოესი კვირები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ბედისთვის, არამედ საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის. დაბოლოს, გუშინ ჩვენ ვნახეთ დაშინებული და ძალიან მომტყდარი ივანიშვილი. მისი მუქარები არის შეშინებული მმართველის თავდაცვითი რეაქციის გამოხატულება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს - უნდა ვიყოთ ერთიანები, უშიშრები და მივაწვეთ ბოლომდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი უახლოეს თვეებში ქვეყანას ზიანს კიდევ მიაყენებს და ბევრ ჩვენგანს, მაგრამ რაც უფრო შეუპოვრები ვიქნებით, მით უფრო მინიმალური იქნება ეს ზიანი და რაც მთავარია, მომავალში მთლიანად განეიტრალდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.