რუსულმა ძალებმა სლოვიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სლოვიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

უკრაინის ცნობით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, 9 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ღამით, მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს. ამასთან, 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

გუშინ, რუსული არმიის მხრიდან სლოვიანსკის დაბომბვის შემდეგ, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა S-300 რაკეტებით სამ ხუთსართულიან სახლს დაარტყეს. ერთი სახლი ნაწილობრივ დაინგრა, ორ ბინას კი ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა მეზობელი სახლებიც.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.