რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდებარე კორენოვოს დასახლებამდე მიაღწიეს.
მაგალითად, რუსული ტელეგრამ არხი რიბარი, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არის დაახლოებული, წერს, რომ "უკრაინულმა ფორმირებებმა სუჯის ნახევარი დაიკავეს, ასევე აკონტროლებენ ქალაქის გარშემო გზებს". დამოუკიდებელი წყაროებისგან ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.
სამხედრო ტელეგრამ აზრი ორი მაიორი, წერს, რომ უკრაინელი სამხედროები კორენოვოს დასახლებამდე მივიდნენ. ის რომ კორენოვოში სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, სხვა ტელეგრამ არხებიც წერენ.
კურსკის ოლქის ხელისუფლება ბრძოლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. რეგიონის ხელმძღვანელი, ალექსეი სმირნოვი გუშინ ამბობდა, რომ კურსკის ოლქში 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 5 რაკეტა ჩამოაგდეს. მოგვიანებით სმირნოვმა თქვა, რომ ღამის საათებში 7 რაკეტა ჩამოაგდეს.
***
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".
6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.