რუსული ქორწილის გაპროტესტებისთვის კახეთში 3 დღის წინ დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესები სიღნაღსა და გურჯაანში გაიმართა.
სიღნაღის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრების, ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის პროცესები 30 მაისამდე გადადო და ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
გურჯაანის სასამართლოში 2 დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. დანარჩენი 14 დაკავებულის შემთხვევაში დაცვის მხარემ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ ვერ შეძლეს საქმის მასალებისა და მტკიცებულებების დროულად გაცნობა, რასაც მოსამართლე, იოსებ აბრამიძე დაეთანხმა და 14 დაკავებული სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლა.
* * *
21 მაისს, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია იზოლატორიდან გაათავისუფლეს - ის ყვარლის ტბასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 20-მდე ადამიანთან ერთად დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ, ხოშტარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და ყვარელში პოლიციელების ქმედებები მოღალატეობრივად შეაფასა.
20 მაისს, ყვარლის ტბასთან აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა - დილიდან სასტუმროს მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ დასავლური სანქციების ქვეშ მყოფი ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ ქორწილისთვის ჩამოსულმა რუსმა ოჯახმა, ტერიტორია დატოვა.
მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის თანახმადაც, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა, თუმცა თავად სასტუმრო ინფორმაციას არ ადასტურებს.