
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით სტამბულში რუსული და უკრაინული მხარეები სამხედრო ტყვეთა გაცვლის ახალ ტალღაზე შეთანხმდნენ.
უმეროვის, რომელიც ასევე უკრაინულ დელეგაციას მეთაურობს, თქმით შეთანხმება ორ კატეგორიას მოიცავს. პირველი, მძიმედ დაავადებულ, ან დაჭრილ მებრძოლებს" გულისხმობს, ხოლო მეორე 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა ჯარისკაცებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა პირველი შემთხვევა იყო, როცა კიევმა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების რუსული გეგმა იხილა.
"ჩვენს გუნდებს ერთი კვირა ექნებათ დოკუმენტების განსახილველად, რის შემდეგაც ჩვენ შევძლებთ შემდეგი ნაბიჯების კოორდინაციას", - თქვა მან.
უმეროვმა არ გამორიცხა ქვეყნების პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობა.
"ჩვენ გვჯერა, რომ დელეგაციებს შორის შემდგომი მუშაობა აზრიანია, თუ ის მიზნად ისახავს სახელმწიფო ლიდერებს შორის შეხვედრის მომზადებას. ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ თვის ბოლომდე, 20-დან 30 ივნისამდე, ლიდერების დონეზე შეხვედრა ჩატარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესისთვის", - დასძინა უმეროვმა.
უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობა, რომ უკრაინამ რუსეთს გადასცა რამდენიმე ასეული უკრაინელი ბავშვის სია, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში არიან დეპორტირებულნი.