რუსმა ანტიპუტინისტმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა საქართველოში არშეშვების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
"თვე-ნახევრის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემიშვა მიზეზების ახსნის გარეშე, ორი სპექტაკლი ჩამიშალა, თბილისსა და ბათუმში. გადავწყვიტე პატივსაცემ ქართულ სახელმწიფოს მივცე შანსი გამოასწოროს ეს შეცდომა - და შევიტანე სარჩელი"- წერს შენდეროვიჩი Facebook-ზე.
მწერლის უფლებადამცველის თქმით, ადმინისტრაციული სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ 17 ივლისს შეიტანეს.
რუსი ანტიპუტინისტი ჟურნალისტი, მწერალი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში 2 ივნისს არ შემოუშვეს.
შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის საქართველოდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს.
2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო მისი პროგრამა "ერთი შენდეროვიჩის თეატრი", ხოლო 4 ივნისს მას ბათუმში მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში სახელწოდებით "მესიჯები და დიალოგები".
ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმ მწვავედ აკრიტიკებს კრემლის ქმედებებს და ომს ეწინააღმდეგება.
2021 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდეროვიჩი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა.