რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ორ დღეში 400 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ორ დღეში 400 ადამიანი დააკავეს

რუსეთში ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ორ დღეში 401 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ОВД იტყობინება.

ყველაზე მეტი, 200–ზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბურგშია დაკავებული. აქტივისტების ნაწილს 1-დან 6 დღემდე პატიმრობა მიესაჯა, ნაწილი კი დააჯარიმეს.

აქცია რუსეთის 36 ქალაქში ჩატარდა.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

იმავე დღეს უწყებაში ამტკიცებდნენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება". კრემლის პროპაგანდისტული RT კი ირწმუნებოდა, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დღეს, 18 თებერვალს კოლონიის წარმომადგენლებმა ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს "უეცარი სიკვდილის სინდრომი" დაუსახელეს.

ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. მაგალითად, იარმიშის განცხადებით, საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.