რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედროს რატი ბურდულის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

რუსული სამთავრობო მედია TASS საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ რატი ბურდულმა "უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრა".

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, რატი ბურდული ეჭვმიტანილია "მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულებში, რომელთა შორისაცაა მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის მცდელობა, დაქირავებული ქმედება, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და ძალადობის გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, საზღვრის უკანონო კვეთა, განზრახ განადგურება და ქონების დაზიანება".

საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს რატი ბურდულისა და მისი "თანამზრახველების" ადგილსამყოფლის დადგენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოკუპანტმა რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ საქმე აღძრა. 2023 წლის 28 ივლისს რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.