
3 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა.
რუსეთი უკრაინას, კერძოდ, კიევის ოლქის ექვს რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ნაწილობრივ შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა.
ექვს რეგიონში, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და დაფიქსირდა ხანძრები.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე.
თავდასხმის შედეგად უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა შევჩენკოვსკის რაიონში რვა სართულიანი საცხოვრებელი დააზიანა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელდა, ნამსხვრევები კი 33 ადგილას ჩამოვარდა.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, თავდასხმისას რუსებმა SHAHED-ის ტიპის დრონები და ისკანდერის ტიპის რაკეტები გამოიყენეს, რომელთა უმეტესობის ჩამოგდებაც უკრაინამ მოახერხა, ნაწილი კი - ლოკალურად დაიკარგა.