რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს.
რუსეთის მთავრობამ საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი 21 სექტემბერს შეზღუდა და თავდაპირველად, ეს შეზღუდვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა.
რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9,4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა - 4%-ით მოიმატა.
სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1,7 მილიონ ტონამდე შეამცირა.
გასულ წელს რუსეთმა ჯამში 4.817 მილიონი ტონა ბენზინი და 35 მილიონი ტონა დიზელი გაიტანა ექსპორტზე.
საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ფასებმა, დეფიციტის შექმნის საფრთხის გავლენით, ევროპაშიც მოიმატა.