დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ირანი მკვეთრად გააფრთხილეს, რომ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება "მნიშვნელოვან" შედეგებს გამოიწვევს.
ალიანსის ერთობლივ განცხადებაში, რომლის წევრებიც არიან აშშ, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და კანადა, აღნიშნულია, რომ ისინი ღრმად შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ თეირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის გადაცემას განიხილავს. როგორც ცნობილია, ირანი უკვე აწვდის რუსეთს დრონებს, რომელსაც მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.
"თუ ირანი გააგრძელებს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის მიწოდებას, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ სწრაფად და კოორდინირებულად, მათ შორის ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით ირანის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
თებერვალში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ირანმა რუსეთში ასობით ბალისტიკური რაკეტა გააგზავნა. ირანი მიწოდების ფაქტს უარყოფს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები უკვე მიაწოდა. მაგრამ მოკავშირეებს სურთ, ირანს ერთიანი სიგნალი გაუგზავნონ.