რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის ტყვეობაში უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც გასულ წელს ზაპოროჟიეს ოლქში გაუჩინრდა, რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა პეტრ იაცენკომ დაადასტურა. გარდაცვალების გარემოებები უცნობია.

"ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გავიგებთ გარემოებების შესახებ და თუ არიან დამნაშავეები ან მონაწილეები, ისინი დაისჯებიან. ასეთ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ", - თქვა იაცენკომ. მან დააზუსტა, რომ რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 25 უკრაინელი ჟურნალისტი იმყოფება.

ხუთშაბათს უმაღლესი რადას დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა ჟურნალისტის მამაზე დაყრდნობით დაწერა სოცქსელში, რომ როშჩინა ტაგანროგიდან მოსკოვში ეტაპირების დროს გარდაიცვალა. მისივე თქმით, ოჯახმა გარდაცვალების შესახებ შეტყობინება რუსული მხარისგან მიიღო. მოგვიანებით იურჩიშინმა პოსტი წაშალა.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშჩინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.

ვიქტორია როშჩინა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას აქტიურად აშუქებდა. 2022 წლის მარტში ჟურნალისტი რუსული FSB-ს თანამშრომლებმა ოკუპირებულ ბერდიანსკში დააკავეს და 10 დღეში გაათავისუფლეს.

როშჩინა ოჯახის წევრებთან კონტაქტზე გასული წლის 3 აგვისტოდან აღარ გასულა. როგორც მამამისი ყვებოდა, 27 ივლისს ჟურნალისტი პოლონეთში გაემგზავრა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებამდე მისულიყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქალი ტყვედ აიყვანეს.