
აზერბაიჯანის ელჩი რაჰმან მუსტაფაევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება "ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან" დაკავშირებითაა მიღებული.
"ბაქოს არამეგობრული ქმედებებისა და რუსი ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას წლების განმავლობაში არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს", - ავრცელებს TASS რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
რუსული პროპაგანდისტული მედია ასევე წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები ვერ ახერხებდნენ რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებთან დაკავშირებას.
***
შეგახსენებთ, რომ ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია Rossiya Segodnya-ს ადგილობრივი ფილიალის Sputnik Azerbaijan-ის დირექტორი, იგორ კარტავიხი და კიდევ ერთი თანამშრომელი, ევგენი ბელუსოვი დააკავა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის აზერბაიჯანულ ფილიალში პოლიცია დღეს დილით შევიდა.
ცნობილია, რომ Sputnik Azerbaijan-ს საქმიანობა ოფიციალურად თებერვალში შეუჩერდა, თუმცა სააგენტო მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას.