
რუსეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ილგარ მამედოვმა თბილისში გამართულ ანტირუსულ აქციებს „იაფფასიანი პროვოკაციები“ უწოდა და განაცხადა, რომ მიუხედავად ხმაურისა და მცდელობებისა, სპორტსმენებმა შეძლეს კონცენტრაციის შენარჩუნება.
„მაშინ, როცა ჩვენი სპორტსმენი რთულ ორთაბრძოლაში იყო, დარბაზიდან ვიღაც ყვირილით ცდილობდა მის დაბნევას. საბედნიეროდ, დაცვამ სწრაფად იმოქმედა,“ – თქვა მამედოვმა.
მისივე თქმით, ღამით სასტუმროს წინ აფეთქებული პეტარდებიც კი ვერ გახდა რუსი სპორტსმენების დეკონცენტრაციის მიზეზი.
„ეს იყო მორალურად მომზადებული გუნდი, რომელიც მსგავს იაფ პროვოკაციებზე არ რეაგირებს,“ – დასძინა მან და მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურებს „შესანიშნავი მუშაობისთვის“.
შეგახსენებთ, 22 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა, რომელშიც სამხედრო წოდებების მქონე რუსი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. 27 ივლისს, შეჯიბრების მსვლელობის დროს მოქალაქეებმა გამართეს დემონსტრაცია, რომლის დროსაც გაშალეს ანტისაოკუპაციო და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი საომარი კამპანიის დამგმობი პლაკატები.