რუსეთის ერთ-ერთი უფლებადამცველთა ორგანიზაცია საქართველოში რუსი აქტივისტის გაუჩინარებაზე წერს

რუსეთის ერთ-ერთი უფლებადამცველთა ორგანიზაცია საქართველოში რუსი აქტივისტის გაუჩინარებაზე წერს

რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოების, "პირველი განყოფილების" განცხადებით, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „არტპოდგოტოვკას“ აქტივისტი, რაფაილ შეპელევი საქართველოში გაუჩინარდა.

შეპელევი, უფლებადამცველების თქმით, შესაძლოა ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.

"რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ჯერ კიდევ ბინაშა მისი პირადი ნივთები. რაფაილის თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავდა", - ნათქვამია საზოგადოების ანგარიშში.

"პირველი განყოფილების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 13 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ "წვრილმან ხულიგნობაში" ცნო. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი შეპელევი ტერორისტული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

რუსული მედიასაშუალების, Sota-ს ინფორმაციით, აქტივისტი რეგულარულად მოანწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.

საქართველოს ხელისუფლება გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს.