
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამკაცრებს „უცხოური აგენტების“ წინააღმდეგ მოქმედ რეგულაციებს. ახალი წესით, ადმინისტრაციული წესის მხოლოდ ერთი დარღვევაც კი საკმარისი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად - მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედება მხოლოდ წლის განმავლობაში ორი დარღვევის შემდეგ ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმეს.
კენჭისყრა 15 ივლისს გაიმართა: კანონპროექტს 342 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო.
ცვლილებები შეეხება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, რომლებიც "უცხოური აგენტებისთვის" დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულებას ეხება. დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ორი წლით თავისუფლების აღკვეთაც.
როგორც დუმის უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარევმა განაცხადა, 2023-დან 2025 წლამდე პერიოდში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული 1620 ადმინისტრაციული საქმე აღიძრა.
კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ მოქმედი ნორმები არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ურთიერთობების სათანადო დაცვას. მათ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითეს, რომ რეესტრში რეგისტრირებული "უცხოური აგენტების" 40%-ზე მეტი კანონის მოთხოვნებს არ ასრულებს.
პისკარევის თქმით, ამჟამად რეესტრში 803 პირი ან ორგანიზაციაა რეგისტრირებული.