17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".
აქსიანოვს არ დაუკონკრეტებია, რა "საგანგებო შემთხვევაზეა" საუბარი, თუმცა Telegram-ზე დაწერა, რომ "ადგილზე სამართალდამცველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ".
რუსულ Telegram არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სულ მცირე, ორი აფეთქების ხმა იყო და ხიდის მალის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. მოგვიანებით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე დაიღუპა ცოლ-ქმარი, მათი შვილი კი დაშავდა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მოხდა ყირიმის ხიდზე, რადგან მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.
რუსული სამთავრობო მედია TASS რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდის ნაპირებზე დაზიანებულია სავალი ნაწილი, თუმცა ინფორმაცია საყრდენების დაზიანების შესახებ არ დასტურდება.
ყირიმის ხიდი, რომელიც ქერჩის სრუტეზე მდებარეობს, უკრაინის ანექსირებულ რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. ევროპაში ყველაზე გრძელი 19-კილომეტრიანი ხიდი უკრაინაში რუსული ძალებისთვის მარაგის მიწოდების საკვანძო მარშრუტია.
ყირიმის ხიდი რუსეთის პრეზიდენტმა 2018 წელს, ყირიმის ანექსიის ოთხი წლის თავზე გახსნა.